ირაკლი ანთაძე - ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონსტრუქციული შეთავაზებები არ გაიზიარეს და ერგნეთის შეხვედრა ჩაშალეს
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრა ჩაიშალა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს ერგნეთში განუცხადა.
როგორც მან განმარტა, დღევანდელ შეხვედრაზე დღის წესრიგის თანახმად უნდა განხილულიყო ყველა ის ინციდენტი, რაც დაფიქსირდა ერგნეთის წინა შეხვედრიდან დღემდე და, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
„კერძოდ, მწვავედ უნდა დაგვეყენებინა გუგუტიანთკარში განხორციელებული ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის საკითხი, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ძალებმა საკუთარ სახლებში და ეზოებში აღუმართეს ხელოვნური ბარიერები. ვაპირებდით, მძაფრად დაგვეყენებინა ერედვში, საოკუპაციო ძალების მიერ განდევნილი, ძირძველი ქართველი მოსახლეობის კუთვნილი სახლების დანგრევისა და მათ ადგილზე ნაგავსაყრელის მოწყობის ფაქტები, უნდა გვემსჯელა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე და ამ უმწვავესი საკითხების პარალელურად, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაგვეთმო არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტისთვის“, – განაცხადა ანთაძემ.
მისი ინფორმაციით, შეხვედრა უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვით დაიწყო. საუბარი შეეხებოდა სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ პროვოკაციულ ქმედებებს.
„შეხვედრა დაიწყო უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვით, რაზედაც განიხილებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები. აღნიშნული საკითხის განხილვისას, ცხინვალის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით დაიჭირეს უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია და რამდენჯერმე გააჟღერეს ულტიმატუმი და დაემუქრნენ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის ფუნქციონირებას, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხაზგასმით იყო დაფიქსირებული, რომ IPRM არ გახლავთ ის ფორმატი, სადაც მისაღებია ულტიმატუმების ენით საუბარი, ნებისმიერი საკითხი შესაძლებელია, განხილული იყოს დიალოგის გზით“, – აღნიშნა ანთაძემ.
სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონსტურიქციული შეთავაზება ცხინვალის წარმომადგენლებმა არ გაიზიარეს და შეხვედრა ჩაშალეს.
„სამწუხაროდ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაჟღერებული კონსტრუქციული შეთავაზებები არ იქნა მათ მიერ გაზიარებული და მათ ჩაშალეს „აიპიარემის“ (IPRM) შეხვედრა“, – აღნიშნა ანთაძემ.
ამასთან, მისი თქმით, რაც შეეხება ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს, ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დაეკისრება.
„რაც შეეხება ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს, ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ ძალას“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ჟურნალისტებთან საუბრისას.