ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება
თვენახევრიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 121-ე შეხვედრა იმართება.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, დღეს განიხილავენ გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციისა და მოქალაქეთა დაკავების ფაქტებს.
„განვიხილავთ ყველა ინციდენტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა შეხვედრიდან დღემდე. უკანონო ბორდერიზაციის რვა შემთხვევა დაფიქსირდა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. ადგილი ჰქონდა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას და ასევე რამდენიმე მონაკვეთზე რკინის ძელები დამონტაჟდა. რაც შეეხება უკანონო დაკავებებს, ექვსი მოქალაქე იქნა უკანონოდ დაკავებული. 10 სექტემბერს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. ტაჯიკეთის მოქალაქეები უკვე გათავისუფლდნენ. ასევე დააკავეს მამა-შვილი ჯოხაძეები. მამა, რომელიც ხანდაზმულია, გაათავისუფლეს. ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება საქართველოს ათი მოქალაქე. მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოხდეს საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება და ისინი უმოკლეს დროში დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს“, – განაცხადა შეხვედრის დაწყების წინ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.