ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე მთავარი საკითხი უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება და ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები იქნება.
წინა შეხვედრიდან დღემდე რუსმა სამხედროებმა უკანონო სამუშაოები საოკუპაციო ხაზთან ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სოფლების, კნოლევისა და ზარდიაანთკარის მიმდებარედ ჩაატარეს. ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს ექვსი მოქალაქე რჩება.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მოითხოვენ თამაზ გინტურის მკვლელობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებას და მათ უმკაცრესად დასჯას.
„განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო ხაზთან დაფიქსირებულ ყველა ინციდენტს. ეს გახლავთ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და უკანონო დაკავებები. პირველი იანვრიდან დღემდე – ხუთი ფაქტი, წინა შეხვედრიდან დღემდე კი უკანონო ბორდერიზაციის სამი ფაქტი დაფიქსირდა. რაც შეეხება უკანონო დაკავებებს, დღეის მდგომარეობით უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი ექვსი თანამოქალაქე. მათი გათავისუფლება იქნება დღის წესრიგის მთავარი თემა. ასევე, მოვიკითხავთ, რა სტადიაშია თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებული საქმე. აღძრულია თუ არა საქმე და გამოვლენილნი არიან თუ არა დამნაშავეები, ეს იქნება დღის წესრიგის მთავარი საკითხი“, – განაცხადა შეხვედრის დაწყების წინ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.