ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება.

შეხვედრაზე მხარეები საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. მთავარი საკითხი დე ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იქნება. ყველაზე მძიმე სასჯელი აქვს ზაზა გახელაძეს – მას 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ქართული მხარე დღეს შეხვედრაზე გახელაძის უპირობოდ გათავისუფლების საკითხს კვლავ დააყენებს.

შეხვედრაზე ასევე განიხილება ჰუმანიტარული საკითხები. სპეციალისტები საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფლებში საირიგაციო სისტემების შესწავლას დაიწყებენ. ტექნიკურ სამუშაოებში, როგორც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ისე დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები იქნებიან ჩართული. საუბარია ტირიფი-სალთვისის არხზე, რომლის სათავეც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული და 30-ზე მეტი სოფელი სარგებლობს, როგორც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, ისე ოკუპირებულ მხარეს.

შეხვედრაზე საუბარი იქნება ასევე ახალგორის გამშვებ პუნქტზე მოსახლეობის გადაადგილებაზე.

„შეხვედრაზე საკვანძო საკითხს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების, ზაზა გახელაძისა და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხი. პროცესს აქვს დინამიკა და ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს არა მხოლოდ ამ შეხვედრებზე, ყოველდღიურ რეჟიმში. რიგი მიზეზების გამო, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ასევე, საუბარი იქნება წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტზე, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აქტიურად მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.