ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ზაზა გახელაძისა და დე ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი დააყენა.

როდის გათავისუფლდება ზაზა გახელაძე, კონკრეტული თარიღი არ სახელდება. ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელდება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე ჰუმანიტარულ თემებზე, რომელიც განსაკუთრებით პანდემიის პირობებში მწვავე პრობლემაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის.

„უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხი დაისვა ძალიან აქტუალურად. მაღალი ხარისხის საერთაშორისო მხარდაჭერა გვაქვს, რაც დღევანდელ შეხვედრაზე იყო გამოხატული. გაკეთდა შეთავაზება, რომ გამოყენებული იყოს ჰუმანიტარული მიდგომა და საკითხი გადაწყდეს ჰუმანიტარულ პერსპექტივაში. თარიღებზე საუბარი გაგვიჭირდება, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი მოქალაქე დაუბრუნდება თავის ოჯახს. ამ საკითხზე საუბარი რაღაცის სანაცვლოდ არ ყოფილა. რაც მოვისმინეთ, მათი პოზიცია არის, რომ ამაზე კონსულტაციებს ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ. მაგრამ, ამ ეტაპზე რომ არ გაჩნდეს არასწორი მოლოდინები, კონკრეტული თარიღების დასახელება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. შედეგიანობაზე საუბარი უპრიანია იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა უკანონოდ დაკავებული დაუბრუნდება თავიანთ ოჯახს.

განვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონში და მის მიმდებარედ დაფიქსირებული ყველა ინციდენტი. ამ კონტექსტში განვიხილეთ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. დისკუსია შედგა ჩორჩანას თემაზეც. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. ეს არის სტანდარტული საპოლიციო პოსტი და მისი დანიშნულებაა უსაფრთხოების გარემოს ხელშეწყობა.

დაისვა ასევე უკანონო წვრთნების საკითხი. შეხვედრის მიმდინარეობისას ისმოდა აფეთქებების ხმა. ეს არის ნეგატიური და დესტრუქციული მოვლენა და ეს მუდმივი სტრესის ქვეშ ამყოფებს მოსახლეობას. ამგვარ მოვლენებზე ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია არის უკიდურესად ნეგატიური. ჩვენ შეურიგებელი ვართ უკანონო წვრთნების მიმართ. პოზიცია რაც ჩვენ მოვისმინეთ არ იყო რაციონალური.

რაც შეეხება ჰუმანიტარულ პრობლემებს, ჩვენი პოზიციაა, კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიხსნას და აღდგეს თავისუფალი გადაადგილება“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ შეხვედრის შეფასებისას.