ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგი შეხვედრა იმართება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება. შეხვედრის მთავარი საკითხი უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება და ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები იქნება.
ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს შვიდი მოქალაქე რჩება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მოითხოვენ თამაზ გინტურის მკვლელობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებას და მათ უმკაცრესად დასჯას.
„განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო ხაზთან დაფიქსირებულ ყველა ინციდენტს. ეს გახლავთ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და უკანონო დაკავებები. წინა შეხვედრიდან დღემდე უკანონო ბორდერიზაციის 15 ფაქტი დაფიქსირდა. რაც შეეხება უკანონო დაკავებებს, დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი შვიდი თანამოქალაქე. მათი გათავისუფლება იქნება დღის წესრიგის მთავარი თემა. ერთადერთი, რასაც შეუძლია, განმუხტოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული დაძაბული ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ეს გახლავთ ნულოვანი დაკავების პოლიტიკის ინიციატივა, რაც ჩვენგან არის შეთავაზებული.
ამასთან, დავინტერესდებით, რა ეტაპზეა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებული საქმე, დაიწყო თუ არა სამართლებრივი პროცესი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. რაც შეეხება ინფორმაციას ახალგაზრდების დაკავების შესახებ, ვრცელდება სხვადასხვა რაოდენობრივი მონაცემები“, – განაცხადა შეხვედრის დაწყების წინ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.