ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა აღნიშნა, შეხვედრამ პოზიტიურ და კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩატარდა ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა, რომელსაც დაესწრო ყველა მონაწილე. შეხვედრამ პოზიტიურ და კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა. ვესწრებოდით ორი ფასილიტატორი, მე, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი და ეუთო-ს წარმომადგენელი რუდოლფ მიხალკა. გასული წლის აგვისტოს შემდეგ, ეს არის პირველი შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ვითარების ნორმალიზაციისა და სტაბილიზაციის კუთხით, ისაუბრეს ვითარებაზე საოკუპაციო ხაზთან და ადგილზე მცხოვრებ მოსახლეობაზე. განიხილეს ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა, ასევე ბოლო პერიოდის ინციდენტები და დესტრუქციული ქმედებები. მონაწილეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ გაგრძელდეს დიალოგი. შემდეგი შეხვედრა 24 სექტემბრისთვის დაიგეგმა“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ მარეკ შჩიგელმა.