ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება
ერგნეთის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, რომელიც ინციდენტების პრევენციასა და მათზე რეაგირებაზეა მიმართული, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
„დღეს ერგნეთში იმართება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატიდან გამომდინარეობს. შეხვედრა წესითა და პრაქტიკით თვეში ერთხელ ტარდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია და უშუალოდ მიმართულია იმისთვის, რომ ინციდენტების პრევენცია და მათზე რეაგირება მოხდეს“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ქეთევან ციხელაშვილი იმედოვნებს, რომ ყველა მონაწილის მხრიდან შესაბამისად იქნება აღქმული ფორმატის მნიშვნელობა.
„ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ ყველა მონაწილის მხრიდან შესაბამისად იქნება აღქმული ამ ფორმატის მაღალი მნიშვნელობა სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. იმედი მაქვს, ყველა მონაწილე კონსტრუქციულად ჩაერთვება, საქმიანი მიდგომით, რომელიც ქართულ მხარეს გააჩნია და საკითხები დღის წესრიგის მიხედვით განიხილება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ერგნეთში დღეს სექტემბრის შემდეგ პირველად ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა იმართება. ინცინდენტების მართვისა და მათზე რეაგირების ჯგუფის რიგით 89-ე შეხვედრა სექტემბერში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლების პროტესტის გამო ჩაიშალა. ისინი დღის წესრიგიდან არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის საკითხების ამოღებას ითხოვდნენ, რასაც უთანხმოება მოჰყვა.