ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. მთავარი საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისთან 21 აპრილს მომხდარი ინციდენტი იქნება, რა დროსაც რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქეების გატაცება სცადეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ნაცემი მამაკაცი მკურნალობას ქარელის საავადმყოფოში გადიოდა.
შეხვედრაზე ქართული მხარე ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს გააპროტესტებს. მთავარი საკითხი კი საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე მსჯელობა იქნება. ამ დროისათვის ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება.
„უაღრესად მკაცრი ვიქნებით ჭვრინისში მომხდარი ფაქტის შეფასებისას. ესაა დაუშვებელი. ესაა უკანონო დაკავების მცდელობა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიიღო მოქალაქემ. ჩვენი პოზიცია იქნება უაღრესად მკაცრი. აუცილებელია ასეთი ქმედებები იქნას აღკვეთილი. მოვითხოვთ იდენტიფიცირებას ინციდენტში მონაწილე პირების. ის ფაქტი, რომ ეს არის პოლიციის ოპერატიული ქმედების დამსახურება. ოპერატიული ჯგუფი მყისიერად მივიდა ადგილზე და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვეს ტერიტორია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი და მთავარი საკითხი უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება იქნება. ასევე შევეხებით საოკუპაციო ხაზთან დაფიქსირებულ ყველა ინციდენტს. ვიმსჯელებთ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებზე. ყურადღება გამახვილდება მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილებაზე და, ზოგადად, გააქტიურებული იქნება ჰუმანიტარული საკითხები“, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.