ერევანში საქართველო-სომხეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის წევრები ოფიციალური ვიზიტით სომხეთის დედაქალაქში იმყოფებიან. ერევანში საქართველო-სომხეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიური ერთობლივი სხდომა გაიმართა, რომელშიც ნიკოლოზ სამხარაძე, სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე სარგის ხანდანიანი და კომიტეტების წევრები მონაწილეობდნენ.
ასამბლეის ფარგლებში საქართველო-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობა და არსებული თანამშრომლობა განიხილეს. ხაზი გაუსვეს საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების განვითარების ახალი ფორმატების მნიშვნელობას.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე. ქართულმა მხარემ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო გარემოს შესახებ.
ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგას მადლობა გადაუხადა სომხეთის მიერ გაერო-ში „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის და მზაობა გამოთქვა, რომ დახმარება აღმოუჩინოს სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე და ასოცირების შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით ქვეყნის გამოცდილება გაუზიაროს.
სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებს სომხეთში მიმდინარე პროცესებსა და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებულ ურთიერთობებზე მიაწოდა ინფორმაცია.
„ერევანში საქართველო-სომხეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიური სესია გაიმართა, სადაც ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე და სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ხაზი გავუსვით, რომ ჩვენს შორის არსებული ურთიერთობები არის უმაღლეს ნიშნულზე და საპარლამენტო ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე შევთანხმდით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი; კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.