ერევანში საპროტესტო აქციაზე 200-მდე დემონსტრანტი დააკავეს
ერევანში საპროტესტო აქციაზე 200-მდე დემონსტრანტი დააკავეს

ერევანში საპროტესტო აქციაზე 199 დემონსტრანტი დააკავეს, მანამდე აქტივისტებმა ქუჩები გადაკეტეს და პოლიციელები მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ. ერევანში საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ, დღეს დილით დაიწყო.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩის გადაკეტვა მოახერხეს.

ანტისამთავრობო აქცია სომხეთის დედაქალაქში გუშინაც გაიმართა. საქალაქო მოედანზე მისულმა სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის მოადგილემ, იშახან საღათელიანმა განაცხადა, რომ დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ ფაშინიანისა და მისი გუნდის გადადგომამდე საყოველთაო დაუმორჩილებლობას აცხადებენ.

ოპოზიციის მომხრეებმა ერევნის ცენტრში სანაგვე ყუთებისგან მოაწყვეს ბარიკადებიც და კარვები გაშალეს.

30 აპრილს სომხეთის უშიშროების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, არტურ ვანეციანმა, რომელიც მანამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის მომზადებისა და ხელისუფლების უზურპაციის ბრალდებით დააკავეს, განაცხადა, რომ ოპოზიციური ძალები ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნის გარშემო უნდა გაერთიანდნენ.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია ქვეყნის მმართველობაში მოვა, აზერბაიჯანთან „ცალმხრივი დათმობების პოლიტიკა დასრულდება და რუსეთთან ურთიერთობები გაღრმავდება“.