სომხეთის დედაქალაქ ერევნის საკრებულომ (უხუცესთა საბჭო) მერის, ჰაიკ მარუთიანის თანამდებობიდან გადაყენებას კენჭი უყარა.
ქალაქის საბჭომ 44 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია მარუთიანისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე, რომელსაც ქალაქის საკითხების „არასაკმარისი ეფექტურობით“ მართვაში დასდეს ბრალი.
კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, მარუთიანმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველ გუნდს 2018 წელს განხორციელებული რევოლუციის მიზნებიდან გადახვევაში დასდო ბრალი. მან ფაშინიანი და მისი პოლიტიკური გუნდი განსხვავებული აზრის ჩახშობაში და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვაში დაადანაშაულა.
„ვფიქრობდი, რომ რევოლუციონერის უზენაესი მიზანი სხვა ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესება იყო. რეალურად კი, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება დაიწყეს“, – აღნიშნა მარუთიანმა.
საპასუხოდ, მმართველი გუნდის წევრებმა ქალაქის საბჭოში, მარუთიანი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მან მხარი ვერ დაუჭირა მოქმედ მთავრობას გასულ წელს ოპოზიციის მიერ გამართული საპროტესტო აქციების საწინააღმდეგოდ.
ჰაიკ მარუთიანმა, რომელიც 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ დროს საპროტესტო აქციების წამყვანი ფიგურა იყო, 2020 წელს დატოვა მმართველი გუნდი.