ერევანში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხარდამჭერ აქციაზე 252 ადამიანი დააკავეს
ერევანში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე 252 ადამიანი დააკავეს. როგორც პოლიციის პრესსამსახურში აცხადებენ, დაკავებულები „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანის მხარდასაჭერ მიტინგში მონაწილეობდნენ.
„მოქალაქეები დააკავეს ადმინისტრაციული წესით, რადგან სომხეთის მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით, მასობრივი შეკრებები აკრძალულია“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ამასთან, აქციის ორგანიზატორების მიმართ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე.
შეგახსენებთ, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის მხარდამჭერები სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მართავდნენ მიტინგს. აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიტიკოსი და ბიზნესმენი გაგიკ წარუკიანი დაკითხვაზე მიიყვანეს. მანამდე მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
სომხეთის უსაფრთხოების სამსახურში წარუკიანს ცხრა საათი კითხავდნენ. უწყებამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დღის განმავლობაში რამდენიმე განცხადება გაავრცელა. ერთ-ერთ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიებამ გამოავლინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, რის შედეგადაც სახელმწიფოს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ზარალი მიადგა. მეორე განცხადებაში კი საუბარი იყო 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი ქრთამების სისტემაზე.
წარუკიანმა ცხრა საათის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა და განაცხადა, რომ მის მიმართ აღძრული საქმეები პოლიტიკურად არის მოტივირებული და მისი დაკავება ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება.