ერევანში ნიკოლ ფაშინიანმა ახალი მთავრობის მმართველობის ასი დღისადმი მიძღვნილი მიტინგი გამართა
ერევნის ცენტრში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ ორგანიზებული დემონსტრაცია გაიმართა, რომელშიც ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქცია ფაშინიანის მთავრობის მმართველობის ასი დღისადმი იყო მიძღვნილი. მიტინგზე ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობას მისი ხელისუფლების მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ 2019 წლის მაისამდე ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს, რისთვისაც ის საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას აპირებს.
ამავე დროს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 2008 წლის 1-2 მარტის მოვლენებზე პასუხისმგებლობას ვერავინ აარიდებს თავს და ყველა მკვლელი გასამართლდება. სომხეთში 2008 წლის არეულობის დროს დაიღუპა 10 და დაშავდა 200-მდე ადამიანი.
ნიკოლ ფაშინიანმა ასევე პირობა დადო, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს.
„ჩვენ დაგპირდით, რომ სათითაოდ გამოვავლენდით მძარცველებს და ჩვენ გამოვავლინეთ ისინი. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი მთავარი ამოცანა არა ციხეების შევსება, არამედ ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის ნაძარცვის ბოლომდე დაბრუნებაა“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
ყარაბაღის კონფლიქტზე საუბრისას, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მას აზერბაიჯანთან ნამდვილი მშვიდობიანი მოლაპარაკებები სურს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, სომხეთი მზად არის, აზერბაიჯანის ნებისმიერ პროვოკაციას გამანადგურებელი პასუხი გასცეს.
ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ სომხურ-რუსული ურთიერთობები გაუმჯობესდება.
„ამ პერიოდის განმავლობაში, ორჯერ შევხვდი და სამჯერ ტელეფონით ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ სომხურ-რუსული ურთიერთობები ცუდი არ არის, კარგ მდგომარეობაშია და გაუმჯობესდება“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. მისი თქმით, მისი
მთავრობის მიზანი ამ ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანაა.