ერევანში, მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა, დაშავდა 101 ადამიანი, მათ შორის სამართალდამცველები
სომხეთის დედაქალაქ ერევანში, მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა. ამის შესახებ სომხური მედია სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც ცნობილია, აქციაზე სულ 101 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან პოლიციელები.
გუშინ აქცია გაიმართა სომხეთის პარლამენტის შენობასთან, რა დროსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დეპუტატების კითხვებს პასუხობდა.
სამართალდამცველებმა სცადეს, დემონსტრანტები პარლამენტის ღობიდან მოეშორებინათ. აქციის მონაწილეების მოთხოვნა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა იყო. ამასთან, აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის ფარგლებში ცალმხრივი დათმობების წინააღმდეგი არიან.