ერევანში აქცია დილიდან განახლდა
ერევანში აქცია დილიდან განახლდა

ერევანში აქცია დილიდან განახლდა. ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი მომხრეებთან ერთად კომიტასის გამზირისკენ მიემართება. ფაშინიანი მომხრეებთან ერთად რამდენიმე ქუჩის გადაკეტვას გეგმავს.

ფაშინიანი აცხადებს, რომ დემონსტრანტების პოლიციის შენობაში გადაყვანა საგანგაშო არ არის და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, აუღელვებლად შეხედონ ამ პროცესს. ფაშინიანს შეკითხვა ოპოზიციონერ ტიგრან მაზმანიანის დაკავებაზეც დაუსვეს.

„მიუხედავად იმისა, რომ რადიოს სახლში შესვლაზე სრული პასუხისმგებლობა მე ავიღე და ეს პოლიციასაც ვუთხარი, სამართალდაცმველებმა პასუხისმგებლობა არა მე, არამედ აქციის მონაწილეებს დააკისრეს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხური მედიის ინფორმაციით, სტუდენტებმა არშაკუნიაცის გამზირი გადაკეტეს, რომელიც მოგვიანებით პოლიციამ გახსნა.

უკვე რამდენიმე დღეა, ერევანში ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებით, საპროტესტო გამოსვლები იმართება.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას აპროტესტებენ. ​გუშინ დემონსტრანტებმა რამდენიმე სამთავრობო შენობის ბლოკირება მოახდინეს.

აქციების მიმდინარეობის დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია დაკავებულთა სხვადასხვა რაოდენობის შესახებ.

19 აპრილს დემონსტრანტები მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც სომხეთის სპეციალური დანიშნულების რაზმმა დემონსტრანტების ტერიტორიიდან გაყვანა დაიწყო. დააკავეს მომიტინგეთა ნაწილი.

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად  ექსპრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 17 აპრილს დაამტკიცა. დღეს სომხეთში ახალი მთავრობის პირველი სხდომა გაიმართება.