ერდოღანის პარტიის პრესსპიკერი - ერდოღანი ლიდერობს და ამას ყველამ პატივი უნდა სცეს
რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის პრესსპიკერის, ომერ ჩელიკის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებები, რომ სახელმწიფო მედია არჩევნების შედეგების შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, ეროვნული სუვერენიტეტის უგულებელყოფაა.
ომერ ჩელიკის განცხადებით, ხმების დათვლის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
„ერდოღანი ლიდერობს და ამას ყველამ პატივი უნდა სცეს“, – განაცხადა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, 14 მაისის არჩევნებზე აქტივობა რეკორდული იყო. ამასთან, ჩელიკს კონკრეტული ციფრები არ დაუსახელებია. მისი განმარტებით, ყველა უნდა დაელოდოს არჩევნების საბოლოო შედეგს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ოპოზიციის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ექრემ იმამოღლუმ განაცხადა, რომ არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ ლიდერობს, ხოლო სახელმწიფო მედია არჩევნების შედეგების შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.