თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რეგიონში საქართველოს როლზე ისაუბრა და ქვეყანას თურქეთის, დასავლეთის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი ხიდი უწოდა.
გამოცემა Hurriyet-ის ცნობით, განცხადება ერდოღანმა მმართველი პარტიის რეგიონულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, თურქეთთან თანამშრომლობით საქართველომ ეკონომიკური სარგებელი მიიღო, სომხეთმა კი თანამშრომლობის ყველა არხი გადაკეტა.
„სომხეთმა, დიასპორის გავლენის გამო, თურქეთთან თანამშრომლობისთვის ყველა არხი გადაკეტა. ამის გამო, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სავაჭრო პროექტების მიღმა დარჩა. საქართველო კი გახდა ხიდი, ერთი მხრივ, თურქეთსა და დასავლეთს, მეორე მხრივ კი კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის. ამით იზრუნა საკუთარ ნათელ მომავალზე. ეს ორი მაგალითი საჩვენებელია. ვინც ჩვენთან მეგობრობს – იგებს, ვინც არა – აგებს“, – აღნიშნა ერდოგანმა.
შეგახსენებთ, სომხეთსა და თურქეთს შორის დაკეტილია საზღვარი და გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები.