თურქეთის პრეზიდენტი 1923 წლის ლოზანის ხელშეკრულების გადახედვის ინიციატივით გამოდის. საბერძნეთში ისტორიული ვიზიტით მყოფმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთის დასავლეთ თრაკიის რეგიონში მცხოვრები თურქების პირობებსა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.
ერდოღანის თქმით, აღნიშნული მიზეზების გამო, ხელშეკრულება უნდა გადაიხედოს.
„დასავლეთ თრაკიაში მუსლიმებს საკუთარი თემიდან მუფთის არჩევის საშუალებაც კი არ აქვთ. მსგავსი რამ თურქეთში პატრიარქატთან მიმართებით არ ხდება. თურქეთში ბერძნული წარმოშობის მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციის ერთი შემთხვევაც არ არსებობს. ამის მიუხედავად, დასავლეთ თრაკიაში სიტყვა „თურქის“ დაწერაც კი არ არის დაშვებული“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ლოზანის ხელშეკრულება საბერძნეთსა და თურქეთს შორის საზღვრებს ადგენს.