ერაყში, ტაჯის სამხედრო ბანაკზე სარაკეტო თავდასხმების შედეგად ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი დაიღუპა
ერაყში, ტაჯის სამხედრო ბანაკზე სარაკეტო თავდასხმების შედეგად ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი დაიღუპა

ერაყში მდებარე ტაჯის სამხედრო ბანაკზე სარაკეტო დარტყმების შედეგად ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, სამხედრო ბაზის მიმართულებით 15 რაკეტა გაუშვეს. დაშავებულია 10-მდე ადამიანი.

როგორც მედიასაშუალებას აშშ-ის ხელისუფლებაში ანონიმურად განუცხადეს, ყველაფერი მიუთითებს, რომ თავდასხმის უკან ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები დგანან.

„როიტერი“ აღნიშნავს, რომ ეს აშშ-ისა და ირანს შორის სამხედრო ესკალაციის მორიგი რაუნდის საფუძველი შეიძლება გახდეს.

მანამდე, ერაყის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მიმდინარე წლის დასაწყისში ირანმა ერაყში ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით სარაკეტო იერიში მიიტანა მას შემდეგ, რაც აშშ-ის დარტყმას ერაყში ირანელი გენერალი ემსხვერპლა.