ერაყში, შვედეთის საელჩოსთან ყურანის დაწვის გამო აგორებული საპროტესტო აქციების შემდეგ ფინეთის საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა
ერაყში, შვედეთის საელჩოსთან ყურანის დაწვის გამო აგორებული საპროტესტო აქციების შემდეგ ფინეთის საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა

ერაყში, შვედეთის საელჩოსთან ყურანის დაწვის გამო აგორებული საპროტესტო აქციების შემდეგ ერაყში ფინეთის საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

როგორც ფინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, საელჩოს თანამშრომლები არ დაშავებულან. ფინეთის საელჩო ერაყის დედაქალაქ ბაღდადში შვედეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ახლოს მდებარეობს.

მანამდე ბაღდადის ცენტრში შვედეთის საელჩოსთან ასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი აპროტესტებდნენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სტოკჰოლმში, ერაყის საელჩოსთან ყურანისა და ერაყის დროშის საჯაროდ დაწვა იგეგმებოდა. სტოკჰოლმში, ერაყის საელჩოსთან აღნიშნული აქციის ჩატარების ნებართვა პოლიციამ გასცა.

ბაღდადში გამართული საპროტესტო აქციის დროს დემონსტრანტებმა ერაყში შვედეთის საელჩოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს. მომხდარის გამო შვედეთის საგარეო უწყებამ შეშფოთება გამოხატა და შვედეთში ერაყის ელჩი დიპლომატიურ უწყებაში გამოიძახა. სტოკჰოლმში აცხადებენ, რომ მასპინძელი ქვეყანა ვალდებულია, დაიცვას სხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება.

„მთავრობა განიხილავს, კიდევ რა დამატებითი ნაბიჯები შეიძლება გადადგას შვედეთმა ერაყში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა.

შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შვედეთში ყურანის საჯაროდ დაწვის აქციას ატარებენ, რასაც ასევე მოჰყვა აქციები მუსლიმურ ქვეყნებში, მათ შორის ერაყში. ამ ფონზე შვედეთის მთავრობა განიხილავს ცვლილებებს კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც, ყურანისა და სხვა რელიგიების წმინდა წიგნების დაწვა უნდა აიკრძალოს.