ერაყში სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა ხუთი პირი დააკავეს
ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყანაში მდებარე სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ხუთი პირი დააკავეს. თავდასხმის დროს ხუთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა.
ამის შესახებ განცხადება ერაყის მედიის უსაფრთხოების ცენტრმა გაავრცელა, ორგანომ, რომელიც უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზეა პასუხისმგებელი.
მიმდინარე კვირას სარაკეტო თავდასხმა ერაყში, ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე განხორციელდა. უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნეს, რომ ერაყის დასავლეთით მდებარე ბაზისკენ ორი რაკეტა „კატიუშა“ გაუშვეს, რომლებიც ბაზაზე ჩამოვარდა. შედეგად, ხუთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა.
მოგვიანებით ერაყის არმიამ მომხდარი დაგმო და მის ტერიტორიაზე არსებული ბაზების წინააღმდეგ ქმედებებს „უგუნური“ უწოდა.
თავდასხმა ემთხვევა ისრაელის მიმართ ირანის მუქარას, რომ თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაელ ჰანიეს მკვლელობისთვის საპასუხო ზომებს მიმართავს. თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, უკავშირდება თუ არა თავდასხმა ამ მუქარას.