ერაყში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ერაყში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან, რომელთა დიდი ნაწილიც კონცენტრირებულია ქურთისტანის რეგიონში, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩო კავშირზეა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქებში – დუჰუკში, ერბილსა და სულეიმანიაში მოქალაქეთა ინფორმაციით ვითარება მშვიდია და მათ საფრთხე არ ემუქრებათ. ამასთან, საელჩოში მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი: +962 797 299 799
ირანელი გავლენიანი გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში მოკლეს. თეირანში არაერთხელ განაცხადეს, რომ „აშშ-ის მიერ მაღალჩინოსანი ირანელი გენერლის ლიკვიდაციის გამო, ირანი ამერიკელებზე შურს იძიებს“. მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც. დონალდ ტრამპი ირანს 52 სამიზნეზე იერიშით დაემუქრა. მათ შორის მოხვდა კულტურული ძეგლებიც. შესაბამისი მუქარის შემცველი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა.