ერაყის სამხრეთ ნაწილში დემონსტრაციაზე მომხდარ მორიგ არეულობას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაშავდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ასევე დაშავდა 28 სამართალდამცველი.
ქალაქ ბასრაში არეულობა უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება. საყოველთაო ქაოსის მიზეზი ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობა და კორუფციაა. დემონსტრანტები განსაკუთრებულ ყურადღებას უმუშევრობის მაღალ დონეზე ამახვილებენ და ხელისუფლებისგან ვითარების გამოსწორებას ითხოვენ.
ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გარკვეულმა ავიაკომპანიებმა ერაყის მიმართულებით ავიარეისები გააუქმეს. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ დემონსტრანტებმა ქალაქ ელ-ნაჯაფის აეროპორტი შტურმით აიღეს.
არეულობის გამო, ხელისუფლებამ მაღალი მზადყოფნის რეჟიმი გამოაცხადა. ამასთან ერთად, ქალაქ ელ-ნაჯაფში კომენდანტის საათი დაწესდა.
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამწლიანი ომისა და ექსტრემისტებზე გამარჯვების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში უმუშევრობა, პროდუქტზე გაზრდილი ფასები და პოლიტიკური ქაოსი უმთავრეს პრობლემებად რჩება.