ერაყში აცხადებენ, რომ აშშ ერაყის ტერიტორიისა და ეროვნული სუვერენიტეტის წინააღმდეგ გაუმართლებელი აგრესიული ქმედებებისკენ იხრება, რაზეც აუცილებელ ზომებს მიიღებენ
აშშ ერაყის ტერიტორიისა და ეროვნული სუვერენიტეტის წინააღმდეგ დასაგმობი და გაუმართლებელი აგრესიული ქმედებებისკენ იხრება, რასაც ერაყი აგრესიის აქტად განიხილავს და აუცილებელ ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ ერაყის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პრესსპიკერმა, გენერალ-მაიორმა იეჰია რასულმა განაცხადა.
აშშ-ის მიერ ერაყში შიიტური სამხედრო ჯგუფების დაბომბვაზე საუბრისას ერაყის არმიის წარმომადგენელმა თქვა, რომ აშშ-მა განაახლა საჰაერო თავდასხმები ერაყის არმიისა და სახალხო მობილიზაციის ძალების განთავსების ადგილებზე, ჯურფ ალ-ნასრისა და ალ-ყაიმის რაიონებში.
ერაყელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ბოლო ქმედებები ხელს უშლის მიღწეულ პროგრესს, ძირს უთხრის შეთანხმებებს და ერთობლივი თანამშრომლობის სხვადასხვა სექტორს.
„ეს მიუღებელი აქტი ძირს უთხრის წლების თანამშრომლობას, უხეშად არღვევს ერაყის სუვერენიტეტს და ხელს უწყობს უპასუხისმგებლო ესკალაციას. ეს ხდება იმ დროს, როდესაც რეგიონი უკვე ებრძვის კონფლიქტის გაფართოების საფრთხეს, ღაზაზე აგრესიის შედეგებს და პალესტინელი ხალხის მოსპობის ამორალური ომის შედეგებს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სახელმწიფოები, მათ შორის შეერთებული შტატები, ჩუმად არიან ამ დანაშაულებთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ, რომ შეერთებული შტატები ერაყის ტერიტორიისა და ეროვნული სუვერენიტეტის წინააღმდეგ დასაგმობი და გაუმართლებელი აგრესიული ქმედებებისკენ იხრება. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად, თავიდან აიცილოს ყველა დარღვევა, რომელიც ემუქრება ერაყის სტაბილურობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ განვიხილავთ ამ ოპერაციებს, როგორც აგრესიის აქტებს და მივიღებთ აუცილებელ ზომებს ერაყელების სიცოცხლისა და ღირსების შესანარჩუნებლად მათ მიწაზე, რომელიც გახდა უსაფრთხო და სტაბილური ჩვენი ხალხის მსხვერპლის გამო“, – განაცხადა იეჰია რასულმა.