ერაყში 16 შიიტი მებრძოლი დაკრძალეს, რომლებიც ISIS-ის წევრებმა დახოცეს
ერაყის ქალაქ ბასრაში 16 შიიტი მებრძოლის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ქალაქ კირკუკის სიახლოვეს დახოცეს.
„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ერაყის ქალაქ კირკუკის სიახლოვეს სამთავრობო ძალების ჯარისკაცებს კვირას ღამით დაესხნენ თავს და სულ მცირე 27 სამხედრო მოკლეს. თავდაპირველად ერაყის სამხედრო მეთაურები 25 მოკლულის შესახებ საუბრობდნენ.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლის ცნობით, ერაყის უსაფრთხოების ძალები „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების ასაყვანად დევნას აწარმოებენ. მისივე თქმით, ტერორისტები პოლიციელების ფორმაში იყვნენ გადაცმულები, როცა ისინი ერაყელ სამხედროებს დაესხნენ თავს.
მომხდარის შესახებ განცხადება გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ. მან გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა, უსაფრთხოების სამსახურებს კი პასუხისმგებელი პირების დაკავება და პასუხისგებაში მიცემა დაავალა.
ერაყმა „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვების შესახებ დეკემბერში განაცხადა. ქვეყნის მესამედი ტერორისტულ დაჯგუფებას 2014 წლის შემდეგ ჰქონდა კონტროლის ქვეშ. ამის მიუხედავად, დაჯგუფება ახერხებს პერიოდულ თავდასხმებს როგორც ბაღდადში, ასევე ქვეყნის სხვა ნაწილებში.