ერაყმა ქვეყნიდან შვედეთის ელჩი გააძევა და სტოკჰოლმიდან საკუთარი რწმუნებული გამოიწვია
ერაყმა ქვეყნიდან შვედეთის ელჩი გააძევა და სტოკჰოლმიდან საკუთარი რწმუნებული გამოიწვია

ერაყმა ქვეყნიდან შვედეთის ელჩი გააძევა და სტოკჰოლმიდან საკუთარი რწმუნებული გამოიწვია. მიზეზი შვედეთში მცხოვრები ერაყელი წარმოშობის პირის, სალვან მომიკას მიერ ყურანის დაწვის დაანონსება გახდა, რომლის ნებართვისთვისაც აღნიშნულმა პირმა შვედეთის პოლიციას მიმართა და, სიტყვის თავისუფლების მოტივით, თანხმობაც მიიღო. ამ ფაქტით აღშფოთებული შიიტი რელიგიური ლიდერის, მუქთადა ალ-სადრის მხარდამჭერები ღამით ბაღდადში მდებარე შვედეთის საელჩოში შეიჭრნენ და ტერიტორიას ცეცხლი წაუკიდეს.

დემონსტრანტების დასაშლელად ერაყის სპეცდანიშნულების რაზმებმა წყლის ჭავლი და ელექტროშოკი გამოიყენეს. განვითარებული მოვლენების ფონზე, ერაყის პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა მოიწვია.

ერაყის მთავრობამ შვედეთის საელჩოზე თავდასხმა დაგმო და დაკავებულების მართლმსაჯულებისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ამავე დროს, ერაყის მთავრობამ აცნობა შვედეთის მთავრობას, რომ შვედეთის ტერიტორიაზე ყურანის დაწვის ინციდენტის განმეორების შემთხვევაში, ისე, როგორც ეს მანამდე, 28 ივნისს მოხდა, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდება.

მომხდარს გამოეხმაურა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საელჩოსა და დიპლომატიური მისიის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აკისრია ერაყის ხელისუფლებას. მოგვიანებით, სამინისტროში განაცხადეს, რომ დიპლომატიური კორპუსის წევრები უსაფრთხოდ არიან.