ერაყის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, სირიიდან გასულ ამერიკელ სამხედროებს ერაყში დარჩენის ნებართვა არ აქვთ
სირიიდან გასულ ამერიკელ სამხედროებს ერაყში დარჩენის ნებართვა არ აქვთ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ერაყის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერაყის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ აშშ-ის სამხედრო დანაყოფებს ერაყში შესვლაზე თანხმობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცეს, თუ შემდგომ მათი სხვა ქვეყანაში გადაყვანა მოხდება.
„სირიიდან გაყვანილ ყველა ამერიკულ ძალებს ქურთისტანის რეგიონში შესვლაზე თანხობა მისცეს იმისთვის, რომ მათ შეძლონ ერაყის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტირება. ამ ძალებს არ აქვთ ერაყში დარჩენის ნებართვა“, – ნათქვამია ერაყის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.
გუშინ სააგენტო „ესოშიეთიდ პრესმა“ პენტაგონზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროები ერაყში გადაინაცვლებენ.