ერაყის საპარლამენტო არჩევნები - ISIS-ის განდევნის შემდეგ პირველად, ერაყში მთავრობას ირჩევენ
ერაყში ახალ მთავრობას ირჩევენ. საარჩევნო უბნები დილის 07:00 საათზე გაიხსნა. 18-მა მილიონმა ამომრჩეველმა არჩევანი სუნიტურ, შიიტურ და ქურთულ კოალიციებს შორის უნდა გააკეთოს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები უკიდურესად გამკაცრებულია. ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, არჩევნების დღეს ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა აკრძალულია. ასევე შეზღუდულია გადაადგილება მაგისტრალებზე. დაეშის დამარცხების შემდეგ, ქვეყანაში ტერორისტული აქტების განხორციელების საფრთხე მაინც არსებობს. უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებულად ბაღდადსა და მოსულში გამკაცრდა.
არჩევნების პირველადი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან 48 საათში გახდება ცნობილი. ერაყის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მოსახლეობას უფლება აქვს, ხმა მისცეს ელექტრონული სისტემის საშუალებით.
არჩევნებში 87 პარტია მონაწილეობს, მათგან გამარჯვების შანსი წინასწარი გამოკითხვებით ცხრა კოალიციას აქვს. 6 990 კანდიდატს შორის ერაყის მოსახლეობამ 329 დეპუტატი უნდა აირჩიოს. კანდიდატებს შორის 2 011 ქალია. ერაყის კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტში 83 ადგილი ქალებისთვის არის განკუთვნილი, ცხრა ადგილი კი რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის. ზემოთ ხსენებული 6 990 კანდიდატიდან ერთ-ერთი ერაყის მომავალი პრემიერ-მინისტრი გახდება.
2005 წლიდან დღემდე ერაყს შიიტური მთავრობა მართავს. სადამ ჰუსეინის დიქტატურის დამხობამ ერაყში სუნიტების მმართველობას უმრავლესობის სახით წერტილი დაუსვა. დღეს მმართველი შიიტური გუნდი არჩევნებში ხუთი სხვადასხვა კოალიციის სახით არის წარმოდგენილი. ყველა მათგანი არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად იღებს. ამ კოალიციებს შორის არის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნური ალ მალიკის „კანონიერი სახელმწიფოს კოალიცია“ (Dawlat al-Qānūn) და მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ჰეიდარ ალ აბადის „გამარჯვების ალიანსი“.
ბოლო 13 წლის განმავლობაში უკვე მეორედ პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად სუნიტური კოალიციები იბრძვიან. მათ შორის ყველაზე მეტი მხარდაჭერით ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, აიად ალავის „ეროვნული კოალიცია“ სარგებლობს. ამ უკანასკნელის გარდა, არჩევნებში კიდევ ხუთი სუნიტური კოალიცია მონაწილეობს, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტ ოსამა ალ ნუჯაიფის „გაერთიანებულ რეფორმატორთა კოალიცია“.
მიმდინარე არჩევნებში დიდ როლს თამაშობს ქურთების კოალიციები. თუმცა წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ერაყელი ქურთების დამოკიდებულება შიიტური უმრავლესობის მიმართ შეიცვალა, რაც 2017 წლის სექტემბერში დამოუკიდებლობის შესახებ გამართული რეფერენდუმის თანმდევმა პროცესებმა გამოიწვია.
აღნიშნული რეფერენდუმი ერაყის მთავრობამ არაკონსტიტუციურ და არალეგიტიმურ პლებისციტად შეაფასა. ამ ფაქტმა ერაყელი ქურთების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედა.
2018 წლის არჩევნებში ქურთების ოთხი პარტია მონაწილებს. მათ შორის არის ქურთისტანის დემოკრატიული პარტია, რომლის ლიდერი ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტი მასუდ ბარზანია.
ერაყში ჩატარებული წინასწარი გამოკითხვებით, მოსახლეობის 79% მხარს უჭერს მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ჰეიდარ ალ აბადის კოალიციას, 90% კი მის საქმიანობას დადებითად აფასებს.
Al Jazeera-ს ინფორმაციით, ალ აბადი შიიტ მუსლიმ პოლიტიკოსებს შორის ერთადერთია, რომელიც ქურთებით დასახლებულ რეგიონშიც კარგი რეპუტაციით სარგებლობს.