ერაყის პრემიერი - ერაყს სურს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის სწრაფი გასვლა, მაგრამ ვადა დადგენილი არ არის
ერაყს სურს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის სწრაფი და მოწესრიგებული გასვლა, მაგრამ ვადა დადგენილი არ არის, – ამის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ შია ალ-სუდანიმ „როიტერთან“ ინერტვიუში განაცხადა.
ერაყის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, საერთაშორისო კოალიციის ქვეყნებთან ურთიერთობის რეორგანიზაცია ხელს შეუშლის უფრო მეტ დაძაბულობას, შიდა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების გართულებას.
მოჰამედ შია ალ-სუდანიმ აღნიშნა, რომ ერაყის გაყვანა რეგიონული და საერთაშორისო კონფლიქტისგან სარგებლის მომტანია არა მხოლოდ ერაყელებისთვის, არამედ რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის.
„ჩვენ არ გვინდა, საერთაშორისო კოალიციის ყოფნა ისე დავასრულოთ, თითქოს ეს არის ამ ძალების განდევნა, შეთანხმებისა და დიალოგის საკითხია, რაც გამოიწვევს მათ ნორმალურად გაყვანას. საერთაშორისო კოალიცია ჩვენს უსაფრთხოების ძალებთან ერთად მონაწილეობდა „დაეშის“ დამარცხებაში, რისთვისაც მადლობას ვუხდით მას, რასაც აღიარებს ერაყის მთელი საზოგადოება. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ გამართლების საფუძველი აღარ არის და დღეს ჩვენ უნდა მივაღწიოთ ერაყის სრულ სუვერენიტეტს მის მთელ მიწაზე, წყალსა და ცაში, უსაფრთხოების ძალების არსებობის პირობებში, რომლებსაც შეუძლიათ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარება. ამავდროულად, ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ უსაფრთხოების სფეროში ყველა ქვეყანასთან, მათ შორის აშშ-თან, რომელიც არ არის ჩვენთვის მტერი და ჩვენ არ ვებრძვით მას, მაგრამ თუ დაძაბულობა გაგრძელდება, ეს აუცილებლად იმოქმედებს, შექმნის უფსკრულს ამ ურთიერთობაში“, – განაცხადა ერაყის პრემიერ-მინისტრმა.
ერაყის მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ერაყში შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმები უცხო ძალებსა და დიპლომატიურ მისიებზე უკანონოა და ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს. „როიტერი“ წერს, რომ ბევრი ერაყული დაჯგუფება, რომლებმაც სუდანის მთავრობა ხელისუფლებაში მოიყვანეს და თეირანთან ახლოს არიან, ყველა უცხო ძალის საბოლოო გასვლას ითხოვს. ერაყში ბაზირებულ საერთაშორისო კოალიციის ძალებზე თავდასხმები ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ გახშირდა.