ერაყის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ერთნაირი სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობებისთვის 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
ერაყის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ერთნაირი სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობებისთვის 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ასევე, ახალი კანონი ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს ტრანსგენდერი პირებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც საკანონმდებლო ცვლილებების მხარდამჭერები აცხადებენ, კანონი ხელს შეუწყობს ქვეყანაში რელიგიური ღირებულებების დაცვას.
„პროსტიტუციასა და ჰომოსექსუალიზმთან ბრძოლის შესახებ“ კანონის თანახმად, პატიმრობაა გათვალისწინებულია ჰომოსექსუალობის ან პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის, ექიმებისთვის, რომლებიც სქესის შეცვლის ოპერაციებს ატარებენ, მამაკაცებისთვის, რომლებიც „განზრახ“ იქცევიან, როგორც ქალები, ასევე „ცოლების გაცვლისთვის“.
კანონპროექტის წინა ვერსია ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობებისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა, თუმცა აშშ-ისა და სხვა დასავლური ქვეყნების წინააღმდეგობის შემდეგ მასში შესწორებები შევიდა.
ერაყის პარლამენტის მიერ კანონის მიღებას გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტი. უწყების ცნობით, საკანონმდებლო ცვლილებები საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.
„ეს კანონმდებლობა ასევე ასუსტებს ერაყის შესაძლებლობას, მოახდინოს ეკონომიკის დივერსიფიცირება და მიიზიდოს უცხოური ინვესტიციები. საერთაშორისო ბიზნესკოალიციებმა უკვე მიანიშნეს, რომ ამგვარი დისკრიმინაცია ერაყში დააზარალებს ბიზნესსა და ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, დევიდ ქემერონმა კი კანონს „საშიში და შემაშფოთებელი“ უწოდა.