ერაყის ხელისუფლებამ ქურთისტანის ავტონომიური ოლქის აეროპორტებზე შეზღუდვები მოხსნა
ერაყის ხელისუფლებამ ქურთისტანის ავტონომიური ოლქის აეროპორტებზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა.
ერაყის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქურთისტანის რეგიონულმა მთავრობამ ფედერალურ ხელისუფლებას ერბილისა და სულაიმანიას აეროპორტებზე კონტროლი გადასცა.
შეთანხმება აეროპორტების საკონტროლო სპეციალური დირექტორატის შექმნასაც მოიცავს, რომელსაც ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტრო უხელმძღვანელებს. ორივე აეროპორტის უსაფრთხოების შემოწმების სისტემა და საპასპორტო დეპარტამენტები ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იქნება დაკავშირებული.
ერაყის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ქურთისტანის აეროპორტების საერთაშორისო ფრენებზე ემბარგო გასული წლის სექტემბერში ჩატარებული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ დააწესა. რეფერენდუმზე ქურთისტანის მოსახლეობის უმრავლესობამ დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. ოფიციალურმა ბაღდადმა რეფერენდუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.