ერაყის ჩრდილოეთით, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ერაყის ჩრდილოეთით მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ცხრა კი დაშავდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის პრესსპიკერის თქმით, გარდაცვლილია სამოქალაქო კონტრაქტორი. დაშავებულთა შორისაც რვა სამოქალაქო კონტრაქტორია, ერთი კი აშშ-ს სამსახურის წევრი. მისი განცხადებით, თავდასხმა ერბილის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მოხდა. სამი 107 მმ სიგრძის რაკეტა სამხედრო საჰაერო ბაზის შიგნით დაეცა.
როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, აშშ თავდასხმით „აღშფოთებულია“. ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრს დაუკავშირდა და თავდასხმის გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების გამოვლენაში მხარდაჭერა გამოუცხადა.
მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა დაჯგუფებამ აიღო, რომელიც საკუთარ თავს „სარაია ავლია ალ-დამ“-ს უწოდებს. მათი თქმით, თავდასხმა ერაყში „ამერიკული ოკუპაციის“ წინააღმდეგ იყო მიმართული.