ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 160 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე მულტიმედიური გვერდი შეიქმნა.
როგორც ეროვნულ არქივში აღნიშნავენ, გამორჩეული საზოგადო მოღვაწის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საქართველოს ეროვნული არქივი მრავალფეროვან მასალას ინახავს. მულტიმედიურ გვერდზე წარმოჩენილია ექვთიმე თაყაიშვილის საქმიანობა და უდიდესი წვლილი საქართველოს საზოგადოებრივ, კულტურულ, სამეცნიერო თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი, პედაგოგი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს ეროვნული გმირი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილი 1862 წლის 5 იანვარს ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში დაიბადა.