რვა ოპოზიციურმა პარტიამ დღეს გააკეთა განცხადება, რომ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური სუბიექტი მოხვდა.
რვა ოპოზიციურმა პარტიამ დღეს გააკეთა განცხადება, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ესენი არიან: „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ლეიბორისტული პარტია“, „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ და „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. მასში 50 პოლიტიკური სუბიექტი (48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი), ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის 500 კანდიდატი მონაწილეობდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 56.11 პროცენტი შეადგინა.
ცესკო-ს მონაცემებით, ბარიერი გადალახა ცხრა პოლიტიკურმა სუბიექტმა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“; „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“; „ლელო – მამუკა ხაზარაძე“; საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“; „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „გირჩი“; „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“; „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.
რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, 14 საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ, ხოლო 16-ში მეორე ტური გაიმართება.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახალი, 120/30-ზე საარჩევნო სისტემით ჩატარდა.