ექვსი წლის ბავშვის წამების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
ექვსი წლის ბავშვის წამების საქმეზე მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულებს (დედას და მამინაცვალს) პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის განცხადებით, მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე არსებობს, ასევე, ჩასატარებელია არაერთი საგამოძიებო მოქმედება.
ადვოკატის განცხადებით კი, პატიმრობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
„სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, ჩვენ დადგენილ ვადებში გავასაჩივრებთ. მძიმე ბრალდებაა, მაგრამ საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომ ბავშვის მიმართ წამებას ჰქონდა ადგილი დედის ან მამის მხრიდან. არსებითი განხილვის დროს დაცვის მხარე დაადასტურებს მათ უდანაშაულობას.
ბავშვის ჩვენებას რომ ნახავს ნორმალური ადამიანი, დარწმუნდება იმაში, რომ ეს ბავშვის მიერ გადმოცემული აზრი არ არის. ხუთი წლის ბავშვს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გადმოსცეს სამართლებრივად დალაგებულად ინფორმაცია. არ ვიცი, ეს ვის ინტერესში შედიოდა და რატომ მოხდა ასე, მაგრამ ამას დაცვის მხარე დაადგენს. წამება ორივე ბრალდებულთან დაკავშირებით არის გამორიცხული. რაც შეეხება გავრცელებულ ფოტოებს, ეს სურათები საქმის მასალებში დევს, ამ სურათებით წამების და ძალადობის ფაქტი არ იკვეთება, რადგან არ ვიცით, სურათები საიდან არის მოსული, ბავშვი სასამართლოს სხდომაზე რომ ვნახე, არანაირი დაზიანება არ ჰქონდა. ექსპერტიზას დაველოდოთ და გასცემს პასუხს, ჰქონდა თუ არა ადრე რაიმე დაზიანება. როგორც სოციალური მუშაკებისგან და მამისგან ვიცი, ბავშვი საკმაოდ ცელქია და ჰქონდა გარკვეული დაზიანებები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამამ ან დედამ მიაყენა რაიმე სახის დაზიანებები. ხელების გაკოჭვაზე რა სურათებიც გავრცელდა, ამ სურათების გარდა, სხვა ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნია, ამის შემსწრე პირი, მოწმე არავინ არ არსებობს. რა მომენტშია ეს გადაღებული, თამაშიდან გამომდინარე არის, თუ რა მოხდა, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ, მაგრამ თუნდაც ის ვერსია, რაზეც გამოძიება საუბრობს წამების მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, გამორიცხავს და რაც შეეხება ძალადობას, თუ გამოიკვეთება გარკვეული გარემოებები მტკიცებულებებიდან გამომდინარე, შემდეგ შეიძლება გავაკეთოთ კომენტარი, მაგრამ ახლა ასე თქმა, რომ ძალადობა იყო, ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას“, – განაცხადა ერთ-ერტი ბრალდებულის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ.
ამასთან, პროკურორ ნათია ნოზაძის განცხადებით, ორივე ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელშეშლის უკიდურესად მაღალი საფრთხე, ასევე მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, რის გამოც საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და გამოიყენა პატიმრობა.
„ბრალდების მხარის მიერ ამ ეტაპზე მოპოვებულია მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, ფოტო და ვიდეო მასალა. ბრალდების მხარე არ აპირებს უშუალოდ აღნიშნული მტკიცებულებების განხილვას არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ამ ეტაპზე დასაბუთებული ვარაუდით დასტურდება, რომ ორივე ბრალდებულის მიერ ჩადენილია სსსკ-ის ის ქმედება, რაც წარდგენილი აქვთ ბრალად – წამება არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად. წამების ერთ-ერთი მოტივი არის დასჯის მიზანი და ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულებს, რომ დასჯის მიზნით ხორციელდებოდა აღნიშნული ქმედება“, – განაცხადა პროკურორმა.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 აგვისტოს 12:00 საათზე დაინიშნა.