ექსპოზიცია „საქართველო - ღვინის აკვანი“ იაპონიაშიც იგეგმება
ექსპოზიცია „საქართველო - ღვინის აკვანი“ იაპონიაშიც იგეგმება

ქართული ექსპოზიცია – „საქართველო – ღვინის აკვანი“, შესაძლოა,  იაპონიაშიც გაიმართოს. გამოფენის გამართვის შესაძლებლობა და საორგანიზაციო საკითხები ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაციის „ქართული ღვინო“-ს წარმომადგენლების იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში განიხილეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი, დავით ტყემალაძე და ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი, თინა კეზელი ცნობილი საგამოფენო სივრცის „Terrada Warehouse” და კომპანიის „Sony Music Communications” წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საგამოფენო სივრცის „Terrada Warehouse” პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, რიოტა კიკუჩის, კომპანიის „Sony Music Communications“ წარმომადგენელს, შიმეონ სატოს და ღვინის იმპორტის საკონსულტაციო კომპანიის პრეზიდენტს, ვატარუ ივამოტოს ქართული დელეგაციის წევრებმა გამოფენის „საქართველო – ღვინის აკვანი“ დეტალური კონცეფცია გააცნეს. კონცეფცია, გარდა ქართული მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორიის შესახებ ექსპოზიციისა, ღვინის მაგისტრების სემინარებს, თემატური ფილმების ჩვენებას, ფოლკლორულ წარმოდგენებს, ქართული ღვინისა და ქართული სამზარეულოს შესახებ ლექცია სემინარებს, ღვინის დეგუსტაციებს და სხვა ღონისძიებებს გულისხმობს.

შეხვედრაზე საუბარი ექსპოზიციის საგამოფენო სივრცესთან ადაპტაციის, ასევე, ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებს შეეხო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იაპონური მხარის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს აღნიშნული გამოფენის გამართვასთან დაკავშირებით თავიანთი ინტერესი და მხარდაჭერა.

იაპონიაში ქართული ექსპოზიციის – „საქართველო – ღვინის აკვანი“ გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას მხარეები უახლოეს მომავალში მიიღებენ.