ექსპლუატაციაში მიღებაზე შესაბამისი აქტის გამოცემამდე ობიექტის ფუნქციონირება აიკრძალება
სამშენებლო ამნისტიის ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე, აიკრძალება ობიექტის ფუნქციონირება, ვიდრე აღნიშნული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ შესაბამისი აქტი არ გამოიცემა.
აღნიშნული ცვლილებები „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
ცვლილებებით განისაზღვრება, რომ ექსპლუატაციაში მიღებამდე, დაუშვებელი იქნება ობიექტის ფუნქციონირება საცხოვრებელი თუ სხვა დანიშნულებით.
კანონპროექტით დაკონკრეტებულია, რომ ექსპლუატაციაში მიღებამდე, ლიცენზიანტებმა არ უნდა მიაწოდონ ობიექტებს ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდება დასაშვები იქნება მხოლოდ სამშენებლო საქმიანობის მიზნებისთვის.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით დგინდება სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი. აღნიშნული მუხლი ადგენს გარკვეულ პირობებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, თუ როგორ შეიძლება მოხდეს სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება. ცვლილებებით, ეს აქტი შეეხება გასული წლის 18 აგვისტომდე დამთავრებული მშენებლობის ნებართვებს. კერძოდ, პროექტით განისაზღვრება ის დარღვევები, რომლის მიუხედავად, შესაძლებელი იქნება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება. პროექტის მიხედვით, შესაძლებელია, ობიექტი მიღებული იყოს ექსპლუატაციაში, თუ მშენებლობა ნაწარმოებია: შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის (რომელზეც გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა) დარღვევით. მაგალითად, არ არის დაცული პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები/პარამეტრები; ასევე დარღვეულია K1, K2 ან/და K3 გათვალისწინებული პარამეტრები;
„აგრეთვე, ობიექტი აშენებულია იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც ფუნქციური ზონირების მიხედვით, არ შეიძლებოდა მშენებლობა და ობიექტი აშენდა გარკვეულ ფართზე (მაგალითად, 1000 კვ.მ.), თუმცა მისი მშენებლობის შემდეგ, ამ მიწის ნაკვეთის ნაწილი გასხვისდა, ვთქვათ, 400 კვ.მ. ამ პროცესით კი, დარჩენილი ფართი (600 კვ.მ.) უკვე განხორციელებული მშენებლობისათვის შესაძლებელია შეუსაბამო მიწის ნაკვეთი აღმოჩნდეს“, – ნათქვამია პროექტში.