ექსპერტი მიხაილ სამუსი - საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში შეიძლება, 9 მაისამდე დასრულდეს
ჩვენ კმაყოფილი ვართ, რომ ნატო-დან მივიღებთ საჰაერო თავდაცვას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, მაგრამ პრობლემა ის გახლავთ, რომ ნატო-ს თავად არ გააჩნია რუსეთთან საქმის დაჭერის სტრატეგია, – განაცხადა ექსპერტმა სამხედრო საკითხებში, მიხაილ სამუსიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
„ისინი ცდილობენ, გააანალიზონ ვითარება და აღმოსავლეთ ევროპაში განათავსონ ჯარები, მაგრამ ეს სტრატეგია არ არის. მათ უნდა ჰქონდეთ სტრატეგია, როგორ შეაჩერონ რუსეთი. თუ ეს ასე არ იქნა, რუსეთმა შესაძლოა, განახორციელოს სარაკეტო დარტყმები ლიეტუას, ლატვიის, ესტონეთის, მოლდოვას, შეიძლება, საქართველოს და პოლონეთის წინააღმდეგაც, რადგან ნატო-ს ამჟამად, აქტიური პოზიციის მაგივრად პასიური პოზიცია აქვს“, – განაცხადა სამუსიმ.
ამ განცხადებით მიხაილ სამუსიმ გადაცემის წამყვანის კითხვას უპასუხა, რამდენად კმაყოფილია უკრაინა ნატო-ს საგანგებო სამიტიდან მიღებული გზავნილებით და რამდენად აქვს კიევს მოლოდინი, რომ ნატო-სგან სამხედრო დახმარებას მიიღებს.
როგორც სამხედრო ექსპერტმა აღნიშნა, უკრაინამ ბრიუსელიდან ძალიან ბევრი გზავნილი მიიღო და ამ გზავნილებით კმაყოფილია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რამდენად გადაიდგმება პრაქტიკული ნაბიჯები.
მისი თქმით, აუცილებლად უნდა განისაზღვროს, რას ელოდება ნატო რუსეთთან მიმართებაში საკუთარი აქტივობებიდან.
„ევროკავშირი და ნატო რუსულ აგრესიაზე ძალიან პასიურად მოქმედებენ. ვფიქრობ, ეს არის დასავლური კოალიციის სუსტი მხარე“, – განაცხადა სამუსიმ.
მიხაილ სამუსიმ ასევე განაცხადა, რომ ამჟამად, კიევში მშვიდი ვითარებაა.
„კიევში არის მოძრაობის და მუშაობის ძალიან მკაცრი წესები. დედაქალაქში ვითარებას ტერიტორიული თავდაცვის ძალიან დიდი რაოდენობის დანაყოფები აკონტროლებენ და ვფიქრობ, ამ ომში კიევი უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია“, – განაცხადა სამუსიმ.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, კიევის გარშემო რამდენიმე ქალაქი მთლიანად განადგურდა და იქ ფაქტობრივად, სტალინგრადის სურათია.
თამთა სანიკიძის კითხვაზე, როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები მარიუპოლში, მიხაილ სამუსიმ განაცხადა, რომ მარიუპოლი ძალიან მძიმე ვითარებაშია, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცები მტერს ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ და ძალიან მცირეა შანსი, რომ რუსეთის ძალებმა მარიუპოლი აიღონ.
„ქალაქს სრულად აქვს ალყა შემორტყმული რუსული ჯარების მიერ, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცები თავს ძალიან ძლიერად იცავენ. ვფიქრობ, რუსებისთვის ძალიან მცირეა შანსი, რომ ქალაქი აიღონ. მარიუპოლში ერთადერთი პრობლემა გახლავთ ლოჯისტიკა, აღჭურვილობის ნაკლებობა და უკრაინული ძალების მომარაგება. ჯარისკაცები მზად არიან საბრძოლველად და მზად არიან, ქალაქი დიდი ხნის განმავლობაში დაიცვან, მაგრამ არის აღჭურვილობის მიწოდების პრობლემა. დარწმუნებული ვარ, უკრაინის ძალები წარმატებული იქნებიან კიევში, ჩერნიგოვში, სუმის რეგიონში და მეტი დახმარების გადასროლა იქნება შესაძლებელი დონბასში და მარიუპოლში, რაც შეცვლის არა მხოლოდ იქ არსებულ სიტუაციას, არამედ ტაქტიკურ სიტუაციას“, – განაცხადა სამუსიმ.
კითხვაზე, როდემდე შეიძლება, გაგრძელდეს საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში, ექსპერტმა განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებები შეიძლება, 9 მაისამდე დასრულდეს.
„თუ პუტინმა 9 მაისს არ ჩაატარა გამარჯვების აღლუმი, რა ტურბულენცია განხორციელდება თავად რუსეთში?! მოდით, ვივარაუდოთ, რომ ჩვენ 9 მაისამდე გავიმარჯვებთ რუსეთზე“, – განაცხადა მიხაილ სამუსიმ.