ლარის კურსი უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) დამფუძნებელმა, ბექარ ოიკაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ლარის კურსის გაუფასურება დროებითია და საგარეო ფაქტორებს უკავშირდება.
როგორც მან აღნიშნა, 2018 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5.7 პროცენტს შეადგენს, მეორე კვარტალში კი, 6.0 პროცენტს, ექსპორტი 30 პროცენტითაა გაზრდილი.
„აღნიშნული პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსმა დროებით დაიწია, რისი მიზეზიც საგარეო ფაქტორებია, მათ შორის, თურქული ლირის გაუფასურება და საქართველოს საიმპორტო პროდუქციაზე გაზრდილი ფასები. პოზიტიური ტენდენციის გათვალისწინებით, არსებული პროგნოზებით, ვფიქრობ, ლარის კურსი უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება“, – განაცხადა ბექარ ოიკაშვილმა.
ოფიციალური კურსით, ლარი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის კურსით, ერთი დოლარის ღირებულება 2.5339 ლარია, ევროს ოფიციალური კურსი კი – 2.9061 ლარი. ამასთან, თბილისის სავალუტო ჯიხურებში, ამ დროისთვის, დოლარის კურსი 2.53-2.55 ლარის ფარგლებში მერყეობს, ევროს კი – 2.89-2.93 ლარის ფარგლებში.