ექსპერიმენტის ფარგლებში, 15-მა მოხალისემ მღვიმეში 40 დღე საათის, ტელეფონებისა და დღის სინათლის გარეშე გაატარა — #1tvმეცნიერება
ადამიანის იზოლაციის ექსპერიმენტის ფარგლებში, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის ერთ-ერთ მღვიმეში თხუთმეტმა ადამიანმა 40 დღე საათების, ტელეფონებისა და მზის სინათლის გარეშე გაატარა.
1,4 მილიონ დოლარად ღირებული პროექტის, სახელად Deep Time-ის ფარგლებში, რვა მამაკაცმა და შვიდმა ქალმა ლომბრივის მღვიმეში იცხოვრა; ექსპერიმენტის მიზანია იზოლაციისადმი ადამიანის შეგუების საზღვრების დადგენა. პროექტი, რომელსაც ადამიანის ადაპტაციის ინსტიტუტი ატარებდა, 24 აპრილს, 40 დღის შემდეგ დასრულდა.
იმავე დღეს სოციალურ მედიაში გამოჩენილ ვიდეოში ჩანს, როგორ გამოდიან მომღიმარი მოხალისეები მღვიმიდან ტაშის ფონზე; ატარებენ სპეციალურ სათვალეებს, რათა სიბნელეში დიდხანს ყოფნის შემდეგ, თვალები დაიცვან.
მღვიმეში ყოფნის დროს, მოხალისეებს კარვებში ეძინათ და განათებისთვის იყენებდნენ ველოსიპედის მსგავსი მოწყობილობით გამომუშავებულ ელექტროენერგიას, რადგან მღვიმეში ბუნებრივი სინათლე არ აღწევს. ამავე დროს, წყალს 44 მეტრის სიღრმის ჭიდან იღებდნენ.
ვინაიდან მღვიმეში დღის სინათლე არ აღწევს, ჯგუფის წევრები საკუთარი ბიოლოგიური საათის მიხედვით იძინებდნენ, ჭამდნენ და ეწეოდნენ ყოველდღიურ საქმიანობას.
არავის გაკვირვებია, რომ მათ ძალიან მალე დაკარგეს დროის შეგრძნება.
პროექტის დირექტორმა კრისტიან კლომ, რომელიც ასევე იყო ჯგუფის წევრი, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკუთარი გათვლებით, მათ მღვიმეში 30 დღე უნდა ჰქონოდათ გატარებული.
ერთი მოხალისე კი ფიქრობდა, რომ მღვიმეში 23 დღე გაატარა.
ჯგუფს გარესამყაროსთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქოდა და ვერ იყენებდა ტელეფონებს თუ რაიმე სახის ელექტრონულ მოწყობილობებს.
ერთ-ერთი მოხალისე, მათემატიკის მასწავლებელი იოან ფრანსუა ამბობს, რომ ფორმაში ყოფნისთვის, მღვიმეში წრეზე დღეში 10 კილომეტრს დარბოდა, მაგრამ შინაგანი მოთხოვნილება მღვიმის დატოვებას მაინც აიძულებდა.
თუმცა, მოხალისეთა ორი-მესამედი ამბობს, რომ მღიმეში უფრო დიდხანს დარჩენა სურდათ.
„პირველად ჩვენს ცხოვრებაში, თითქოს პაუზას დავაჭირეთ. ბევრი დრო გვქონდა ჩვენი ამოცანების შესასრულებლად“, — ამბობს ექსპერიმენტის ერთ-ერთი მონაწილე ქალი მარინა ლანსონი.
თუმცა, ის იქვე აღიარებს იმასაც, რომ გარეთ ყოფნით და ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენით ბედნიერია.
მღვიმეში ყოფნის დროს, მოხალისეებს დეტალურად აკონტროლებდნენ ადამიანის ადაპტაციის ინსტიტუტის ფრანგი და შვეიცარიელი მეცნიერები. სენსორების საშუალებით, ისინი რეგულარულად ამოწმებდნენ ჯგუფის წევრების ძილის მახასიათებლებს, სოციალურ ურთიერთქმედებებს და კოგნიტურ ფუნქციებს.
გარდა ამისა, მღვიმეში შესვლის წინ და გამოსვლის შემდეგ, შეაგროვეს მონაცემები მოხალისეთა ტვინის აქტივობის შესახებაც.
პროექტის მეცნიერთა განცხადებით, ეს ინფორმაცია დაეხმარებათ იმის განსაზღვრაში, თუ როგორ შეუძლია ადამიანს ცხოვრების ექსტრემალურ გარემო პირობებთან მორგება და სრულ იზოლაციაში ყოფნა.
„ამ პლანეტაზე ადამიანთა მომავალი იცვლება. ბევრი უნდა ვიკვლიოთ, რათა უკეთესად გავიგოთ, როგორ შეუძლია ჩვენს ტვინს ახალი გამოსავლების პოვნა ნებისმიერ სიტუაციაში“, — ამბობს პროექტის დირექტორი კრისტიან კლო მღვიმიდან გამოსვლის შემდეგ.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით.