ექიმთა დარგობრივი ასოციაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
საქართველოს მოქალაქეთა, ექიმთა დარგობრივი ასოციაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ისინი საქართველოს მეგობარი ქვეყნების მთავრობებს, მათ დიპლომატიურ კორპუსს, ევროპის საბჭოსა და აშშ-ის კონგრესს მიმართავენ.
„ღრმა შეშფოთებით გაცნობებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პროგრესულად მძიმდება. მას აღენიშნება მოძრაობის ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება, მძიმე ნევროლოგიურ სინდრომთა ერთობლიობა და მუდმივი ტკივილის სინდრომი, ასევე, მკვეთრად გამოხატული ანემია. სააკაშვილს 50-დღიანი პოლიტიკური შიმშილობის შემდეგ რამდენიმე კომპეტენტური კომისიის მიერ დასმული აქვს ვერნიკეს ენცეპალოპათიის დიაგნოზი.
საქართველოს სახალხო დამცველის მაღალკვალიფიციურ ექსპერტთა ჯგუფმა გამოავლინა მთელი რიგი პათოლოგიები, რომელთა მკურნალობა ვერ მოხერხდება საპატიმროში. მათ შორის, კვების დარღვევა და კუჭნაწლავის ტრაქტში აბსორბაციის პრობლემები, ცილების მკვეთრი დეფიციტი, კუნთების ატროფია და კუნთური მასისი მკვეთრი კლება, ფსიქოგენური ანორექსია. მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილი ვერ ღებულობს შესაბამის კვალიფიციურ დახმარებას, მის მკურნალობას აქვს მხოლოდ სიმპტომატური ხასიათი. ყველაფერი ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პოლიტიკური პატიმარი სააკაშვილი წინასწარ განზრახვით განწირულია შემდგომი ინვალიდიზაციის და შრომისუნარიანობის მკვეთრი დაქვეითებისთვის. პრეზიდენტ სააკაშვილს გადაუდებლად ესაჭიროება მკურნალობის და შემდგომი რეაბილიტაციის კურსის ჩატარება დასავლეთის პროფილურ კლინიკაში. მცირედი დაყოვნებაც კი, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს მისი სიცოცხლისთვის. უმორჩილესად გთხოვთ, გამოიყენოთ საქართველოს ხელისუფლებაზე დღემდე არსებული ზეწოლის ყველა შესაძლო ბერკეტი, რათა წერტილი დაესვას პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას და მიეცეს მას საშუალება, მიიღოს შესაბამისი მკურნალობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ“, – ნათქვამია მიმართვაში.