ექიმის ინფორმაციით, ზაზა სარალიძისა და მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ზაზა სარალიძისა და მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ პირველი არხის პირდაპირ ეთერში ინგოროყვას კლინიკის ექიმმა განაცხადა.
მისი თქმით, ორივე პაციენტი რამდენიმე საათში გაეწერება კლინიკიდან.
„ორივეს მდგომარეობა არის სტაბილური. რამდენიმე საათში ისინი ბინაზე გაეწერებიან. ერთი მათგანის შემთხვევაში დაფიქსირდა ჰიპერტონული კრიზი, ხოლო მეორე პაციენტის შემთხვევაში – ჰიპერგლიკემია. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ექიმმა.
ზაზა სარალიძე და მისი დედა რუსთაველის გამზირზე, აქციაზე შეუძლოდ გახდნენ. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.
რუსთაველის გამზირზე მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია გრძელდება.