ექიმის ინფორმაციით, პატრიარქი ხვალინდელ საკვირაო წირვას სავარაუდოდ, დაესწრება
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ლიტურგიას ვერ დაესწრო.
პატრიარქის პირადი ექიმის ცისანა შარტავას ინფორმაციით, ილია მეორე გაცივდა და შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, მედიკოსებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.
ექიმის თქმით, სავარაუდოდ, ის ხვალ უკვე შეძლებს საკვირაო წირვა აღავლინოს და მრევლს ტრადიციული ქადაგებითაც მიმართოს.
„ქარიან ამინდში იყო სამი დღის წინ და გაცივდა, ექიმების ძალიან დიდი თხოვნით, დარჩა სახლში, რომ სითბოში იყოს და პატარა პროცედურები ჩავუტაროთ. ამ დილას აპირებდა წირვაზე წაბრძანებას, მაგრამ ძალიან სთხოვეს ექიმებმა.
ვფიქრობ, ხვალ წაბრძანდება საკვირაო წირვაზე, თვითონ ასე აქვს დაგეგმილი, მაგრამ შევხედავთ დღის განმავლობაში, ჯერ ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.
სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს საზეიმო ლიტურგია სიონის საკათედრო ტაძარში უნდა ჩაეტარებინა.