ექიმის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც ერთ-ერთ სასტუმროში ხელყუმბარა ააფეთქა, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული
მამაკაცი, რომელმაც თბილისში, სასტუმრო „ლუქსში“ ხელყუმბარა ააფეთქა, ღუდუშაურის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი და ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
როგორც კლინიკის გადაუდებელი მედიცინისა და კატასტროფის სამსახურის უფროსმა გიორგი ბერიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 47 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები და მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
„პაციენტი წუხელ შემოიყვანეს. აფეთქების შედეგად აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები. დაზიანებები ქვედა კიდურებზე, გულ-მკერდზე, თავზე. მდგომარეობა არის კრიტიკული. ღამის განმავლობაში ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და მიმდინარეობს მკურნალობა“, – განაცხადა გიორგი ბერიაშვილმა.