ექიმის ინფორმაციით, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ექიმის ინფორმაციით, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ნიკოლიშვილი აცხადებს, რომ კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელ გიორგი გალდავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც გიორგი ნიკოლიშვილი აცხადებს, პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.

„პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილურია და შეიძლება ითქვას, დამაკმაყოფილებელი. ამჟამად მკურნალობა ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში გრძელდება, თუმცა სტაბილური მდგომარეობით.

სავარაუდოდ, დღის განმავლობაში, შევხედავთ მდგომარეობას და პალატაში გადავიყვანთ. პაციენტი კონტაქტურია. ჰქონდა მხრის ძვლის დაზიანება, სავარაუდოდ, ცეცხლნასროლი ჭრილობით მიყენებული, ამოღებულია გლუვი უცხო სხეული, რომელიც ექსპერტიზაზეა გაგზავნილი“, – აღნიშნა ექიმმა.

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელ გიორგი გალდავა გუშინ საკუთარმა კოლეგამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა ექიმი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების დირექტორი – 1972 წელს დაბადებული გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული“, – აცხადებენ შსს-ში.