ექიმის ინფორმაციით, გოგებაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ექიმის ინფორმაციით, გოგებაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ტრავმატოლოგიური დეპარტამენტის უფროსმა, ექიმმა ვატო გვაზავამ განაცხადა.

ექიმის თქმით, პაციენტს ჭრილობები ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული.

„37 წლის მამაკაცი შემოიყვანეს გადაუდებელი დახმარების მანქანით, ცეცხლნასროლი ჭრილობებით ბარძაყის, მუხლისა და წვივის არეებში. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დინამიკაში უნდა დავაკვირდეთ კვლავ. ხვალ დამატებითი კვლევები ჩატარდება.

ბევრი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. უბრალოდ, შეიძლება, სამი გასროლით მოხდა ეს ყველაფერი, რადგან კარტეჩს რომ ეძახიან, იმ ტიპის ტყვიები იყო. ახლოდანაა ნასროლი. აქედან გამომდინარე, დაზიანებული იყო ძვლის ნაწილი. მხოლოდ  კიდურებია დაზიანებული, შინაგანი ორგანოები არ დაზიანებულა“, – განაცხადა ექიმმა.

ექიმ ვატო გვაზავას ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

„დაახლოებით, სამი-ოთხი დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იქნება დაკვირვების ქვეშ. დანარჩენს უკვე დინამიკა გვაჩვენებს, რა და როგორ მოხდება და ამის მიხედვით მივყვებით მკურნალობას. ჯერ გაწერაზე არცაა საუბარი, რადგან საკმაოდ მძიმე ტრავმებია. არ ვჩქარობთ, არც პაციენტის გამოღვიძებას, არც გაწერას. დინამიკაში დავაკვირდებით“, – აღნიშნა ექიმმა.

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მკვლელობა 4 მაისს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ერთი მამაკაცი, ორი კი დაიჭრა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.