ექიმის ინფორმაციით, დიღომში აფეთქებისას დაშავებულ ბავშვს საავადმყოფოდან სავარაუდოდ დღესვე გაწერენ
დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებული ბავშვი იაშვილის კლინიკაში კიდევ რამდენიმე საათით, შემდგომი მონიტორინგისათვის რჩება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის გადაუდებელი დახმარების ექიმმა, ნათია თურქაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ბავშვი კლინიკას სავარაუდოდ დღესვე დატოვებს.
„სასწრაფო დახმარების მიერ შემოყვანილი იქნა რვა თვის გოგონა. შემოსვლისას პაციენტი იყო აბსოლუტურად კონტაქტური. შუბლისა და მარჯვენა ლოყის მიდამოში აღენიშნებოდა ექსკორეაცია ანუ ნაკაწრები. ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები, სადაც რაიმე პათოლოგიური დარღვევა არ გამოვლინდა. ამჟამად ის კლინიკაში რჩება შემდგომი მონიტორინგისათვის. პაციენტი კიდევ რამდენიმე საათით დაყოვნდება, მდგომარეობა შეფასდება და სავარაუდოდ საღამოსვე გაეწერება ბინაზე“, – განაცხადა ექიმმა ნათია თურქაძემ.
დიღმის მასივში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება დღეს მოხდა. დაშავდა რვა ადამიანი.