ექიმის ინფორმაციით, ბათუმში დაჭრილი პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დაჭრილ პატრულს ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„შემოყვანილია 29 წლის მამაკაცი, რომელსაც ორი ჭრილობა აღენიშნება – კისრისა და წვივის არეში. პერიფერიული ჭრილობა უმნიშვნელოა, თუმცა კისრის არეში ღრმა ჭრილობაა; დაზიანებული იყო მცირე ვენები და ხორხის ზედაპირი. ჩაუტარდა ოპერაცია. პაციენტი არის ხელოვნურ სუნთქვაზე. მისი მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური. შეესაბამება ჩატარებული ოპერაციის შედეგს“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, მალხაზ ხალვაშმა.
შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში პოლიციელის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.