ექიმის ინფორმაციით, ბათუმში დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა გაუმჯობესდა
ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორის მდგომარეობა გაუმჯობესდა. დღეს იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა, პაციენტს სავარაუდოდ ხვალ პალატაში გადაიყვანენ.
„მდგომარეობა სტაბილურია და გაუმჯობესება შეინიშნება. დილიდან პაციენტი უკვე კონტაქტურია. მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან. ის რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა ხვალიდან შესაძლებელია უკვე პალატაში გადავიყვანოთ“, – განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა მალხაზ ხალვაშმა.
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციელი ორი დღის წინ დაჭრეს. ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს.